თბილისში, „თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში, „თიბისი ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გ.გ. ცხელ კვალზე დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „თიბისი ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ საღამოს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.