რამდენიმე დღეში თბილისში ახალი ელექტროავტობუსი შემოდის, რომელიც გვათხოვეს, რათა ტესტირება ჩავატაროთ – ამის შესახებ თბილისის მერმა „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძემ დედაქალაქის ეკოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელექტრო ავტობუსების შემოყვანა თბილისში სწორედ ეკოლოგიაზე ზრუნვიდან გამომდინარე იგეგმება.
„48 წელია, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ზოგადად, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობით და სამწუხაროდ, ჩვენი ქალაქიც, თბილისიც არ არის გამონაკლისი. სერიოზული პრობლემებია ამ მიმართულებით. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი იმაზე, თუ რამდენი პრობლემაა და რამდენი რამეა გასაკეთებელი ამ მიმართულებით.
მნიშვნელოვანია დედაქალაქის მერიის როლი, დედაქალაქის მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის როლი. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევძლოთ არსებული პრობლემების მოგვარება. რა თქმა უნდა, გამწვანება, სკვერები, ეს ყველაფერი გასაკეთებელია, რაც გვაქვს ის სარეაბილიტაციოა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ტრანსპორტს მნიშვნელოვანი კომპონენტი უკავია ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით.
„პირველი იანვრიდან უკვე მიმდინარეობს ტექდათვალიერება კერძო ავტომობილებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი თხოვნაა ყველას მიმართ, რომ ეს პროცესები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ გვესმის, რომ შეიძლება იყოს მძიმე თემა, რადგან ბევრი ავტომობილი, რომელიც მოძრაობს არა მხოლოდ დედაქალაქში, ზოგადად, ქვეყანაში, ვერ გაივლის ტექდათვალიერების იმ მოთხოვნებს, რომელიც ევროპულია. ზუსტად ასეთი ავტომობილების გამონაბოლქვი არის პრობლემა, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას, ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობას ხელყოფს. ეს სერიოზული პრობლემაა. პირველი ივლისიდან იწყება სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების ტექდათვალიერება და ერთიანად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის მოწესრიგებას.
ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გვაქვს განსაკუთრებული ყურადღება. წელს პრიორიტეტად იქნა ეს მიმართულება ჩვენი მხრიდან დასახელებული. 100 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოგვყავს. მომდევნო წლების განმავლობაში ასევე ვაპირებთ ელექტრო ავტობუსების შემოყვანას. ეს მიმართულება ევროპაშიც, მსოფლიოშიც იხვეწება და ჩვენი დედაქალაქიც არ იქნება გამონაკლისი მომდევნო წლების განმავლობაში. ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სჭირდება ტესტირება კონკრეტულ ხაზებზე. რამდენიმე დღეში ახალი ელექტროავტობუსი შემოდის, რომელიც გვათხოვეს, რომ ტესტირება გავაკეთოთ, დედაქალაქში ერთ კონკრეტულ ხაზზე იმოძრაოს. მომდევნო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო სიახლეები არის დაგეგმილი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.