თბილისში ტაქსების რეგისტრაცია და ნებართვის აღება სავალდებულო იქნება
ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეგისტრაციის გავლა და სერვისის განხორციელების ნებართვის აღება სავალდებულო იქნება.
„სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ტაქსების მომსახურების ხარსიხის გაუმჯობესება და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება. თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქსის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს. ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისათვის. თბილისი იქნება ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კალაძემ.