თბილისში ტაქსების პარკირების ადგილების დახაზვა დაიწყო
თბილისში ტაქსების პარკირების ადგილების დახაზვა დაიწყო

თბილისში ტაქსების პარკირების ადგილების დახაზვა დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ყვითელ ფერში მონიშვნები გაკეთდა რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“; ქავთარაძის ქ. N44-თან; ვაჟა ფშაველას გამზირის N41 და N71-თან; ყაზბეგის გამზირის N12-თან; იონა ვაკელის ქუჩაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; წინანდლის ქუჩაზე, პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ; პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების გადაკვეთაზე და ლუბლიანას ქ. N21ა-სთან.

თბილისის მერიამ ტაქსების უფასო პარკირებისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, 274 ადგილზე გათვლილი 86 ადგილი შეარჩია. მათი განლაგების სქემის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე http://maps.tbilisi.gov.ge.

მერიის ცნობით, პარკირების ადგილებზე განთავსდება საგზაო ნიშნებიც ქართული და ლათინური წარწერებით. „თბილისის პარკინგი“ გამოყოფილ ყველა წერტილში დახაზვის პროცესს უახლოეს ხანებში დაასრულებს.

ტაქსებისთვის საპარკინგე ადგილები ძირითადად იმ უბნებში გამოიყო, სადაც ავტომანქანის გაჩერება სირთულეს წარმოადგენს. პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი ადგილები: ტაქსების დგომის წერტილებში; საავადმყოფოებთან; მეტროსადგურებთან და ავტობუსების გაჩერებებთან; სავაჭრო ცენტრებთან; სასტუმროებთან.

როგორც მერიაში აცხადებენ, რომ ტაქსებისთვის ეს სისტემა თბილისის მთავრობის მიერ პარკირების სფეროს რეფორმისა და გარკვეულ უბნებში ზონალური პარკირების შემოღების შემდგომაც შენარჩუნდება.