თბილისში სკოლებთან და გზაჯვარედინებზე საპატრულო ეკიპაჟები მორიგეობენ
შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟები ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე სკოლებთან მორიგეობენ, სწავლის დაწყების პერიოდში, ამასთან, ისინი მორიგეობენ ყველაზე მძიმე გზაჯვარედინებთანაც. ამის შესახებ შს მინისტრმა დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, შსს-ში კახა კალაძესთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო, რომ ეს უწყებები ვალდებულნი არიან, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან.
„იმ გამოწვევებს, რომელიც როგორც ქალაქისთვის, ასევე შსს-თვის და განსაკუთრებით საპატრულო დეპარტამენტისთვის არის აქტუალური, შესაბამისი და სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. ეს იყო ძირითადი საკითხი. ჩვენ დავგეგმეთ ის კოორდინაციის მექანიზმები, რომლებმაც ძალზე ეფექტურად უნდა იმუშაონ. ჩვენი თანამშრომლები გავაცანით ერთმანეთს და დავუსახეთ ის ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ. ეს არის რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა და მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც გახლავთ ტრაფიკი თბილისში, ტრაფიკთან დაკავშირებული თემები, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და კიდევ ბევრი საკითხი. მიუხედავად გრძელვადიანი და სისტემური მიდგომისა, სწრაფად შეიძლება ტრაფიკის პრობლემების გადაწყვეტა და ა.შ.“, – აღნიშნა შს მინისტრმა.
ამასთან, შს მინისტრის თქმით, მერს რამდენიმე სიახლის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
„საპატრულო ეკიპაჟები უკვე ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე სკოლების წინ მორიგეობენ, სკოლების დაწყების პერიოდში, რათა მიეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე, უზრუნველყონ ტრაფიკის შეუფერხებლობა, გადაადგილება. სადაც ყველაზე მძიმე გზაჯვარედინებია, უკვე მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რათა მძღოლებს მიეხმარონ ტრაფიკთან გამკლავებაში. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის სწრაფი რეაგირების კომპონენტი, ეს არ არის სისტემური გადაწყვეტა და ამიტომ, ჩვენ ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო სისტემურად მივუდგეთ ამ პრობლემებს“, – აღნიშნა შს მინისტრმა.