თბილისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონული კონფერენცია იმართება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თბილისში მაღალი დონის რეგიონულ კონფერენციას მართავს, რომელსაც პროკურორი ბენსუდას ოფისისა და ICC-ის სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანმა ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობა მზადაა საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა გააგრძელოს,რაც მიზნად ომით დაზარალებულების კეთილდღეობასა და სიმართლის დადგენას ემსახურება.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო სასამართლოს მნიშვნელობას მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებისათვის და იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ჰააგის სასამართლოს მიმართ აქვს.
რეგიონულ კონფერენციას ICC ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ატარებს და წელს მასპინძლად საქართველო შეარჩია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და წახალისებას ისახავს; კონფერენცია რომის სტატუტის ხელმოწერიდან 20 წლისთავს ეძღვნება. დოკუმენტის ხელმოწერით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი 2016 წლის 27 იანვრიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მათ შორის გამოძიება შეეხება ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი ტყვეების წამებისა და მკვლელობის საკითხებს.