თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება - ტრანსპორტის სამსახური განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განიხილავს და არც გეგმავს, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მოსალოდნელია ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის მატება, სრული დეზინფორმაციაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო.
„ასევე, გაუგებარია ამ მცდარი ვარაუდის დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან. თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებაში სოციალურ ფაქტორს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს. მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 60 მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა შეღავათიანი და უფასო მგზავრობის დასაფინანსებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, თბილისის მერიისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის წარმართვისას პრინციპულად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის დაბალ ტარიფიანი და შეღავათიანი მგზავრობის შეთავაზება.
„გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს მეტად სწრაფი და კომფორტული, ამ მიზნით იგეგმება არსებული ავტოპარკის სრული განახლება და მეტროს შემადგენლობების დამატება. მთლიანობაში, ეს ყოველივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდას და მის პოპულარიზაციას განაპირობებს“, – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.