ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საზეიმო ღონისძიება „ევროპა ნოსტრა საქართველოში“ გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული შვიდი პროექტი საქართველოდან და ასევე „ევროპა ნოსტრას” ევროპული კულტურული მემკვიდრეობის შვიდი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლი.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და „ევროპა ნოსტრას” გენერალური მდივანი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი დაესწრნენ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაცია დღეს საქართველოშია და აღიარებს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლს.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაცია დღეს საქართველოშია და აღიარებს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ძეგლს.
,,ეს არის სწორედ ჩვენი გზა – ,,მეტი კულტურული ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპის კულტურაში!“ ,,ევროპა ნოსტრა” ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს მთელ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოებასა და ოფიციალურ უწყებებს. ,,ევროპა ნოსტრა” აღიარებს, რომ დავით გარეჯი საფრთხის ქვეშაა და დასაცავი ძეგლია. ეს კი ნიშნავს, რომ დავით გარეჯის გადასარჩენად მობილიზაცია მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია!“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.
ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს მფლობელი ორგანიზაციები და პროექტები საქართველოდან არიან:
2018 წ. პროექტი „ქსოვილი საქართველოდან“ – სამეცნიერო კვლევის კატეგორიაში ევროკავშირის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოს ხელოვნების სასახლე.
2017 წ. პროექტი – „არამატერიალური მემკვიდრეობის მატერიალური მხარე, ტრადიციული რეწვის ინიციატივა საქართველოში“, არაფორმალური განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში ევროკავშირის მემკვიდრეობის /ევროპა ნოსტრას ჯილდოს მფლობელი გახდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.
2006 წ. პროექტი „ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები“, არქიტექტურის რესტავრაციის კატეგორიაში ევროკომისიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპა ნოსტრა მედლით დაჯილდოვდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და იტალიის პარტნიორი ორგანიზაცია.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზის მფლობელი ორგანიზაციები და პროექტები არიან:
2018 წ. „თბილისური ეზოები“ ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა ტელეკომპანია „არტ არეას“ პროექტს.
2017 წ. „ახალი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირის ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები“. კონსერვაცია/რესტავრაციის კატეგორიაში ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზი გადაეცა თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტს.
2016 წ. „საქართველოს ხელოვნების სასახლე“ დაჯილდოვდა კონსერვაცია/რესტავრაციის კატეგორიაში „ევროპა ნოსტრას” ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზით.
2015 წ. „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი – 20 წელი კულტურის სამსახურში“ – კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა „ევროპა ნოსტრას” ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზით.