სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს
თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია იმართება. პარალელურად, სასტუმროში მიმდინარეობს ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანა ქავთარაძემ განაცხადა, სურთ, ღონისძიების მონაწილეებს გააგონონ თავიანთი ხმა და გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
„20 დღეზე მეტია, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლის მიზანია როგორც მთავრობას, „ქართულ ოცნებას“, ისე საერთაშორისო საზოგადოებას გავაგონოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი, საქართველოს კურსი არის საფრთხის ქვეშ, ნელ-ნელა შორდება ევროკავშირს და დასავლეთს, უახლოვდება რუსეთს. დღევანდელი შეკრება-პერფორმანსის მიზანია, უფრო მეტად გავაგონოთ ხმა საერთაშორისო მეგობრებს. საქართველოში დელეგატების დიდი ჯგუფია ჩამოსული და მართავენ სამდღიან კონფერენციას. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, იცოდნენ, ვისთან ერთად იზიარებენ მაგიდას ეს დღეები, ვის ესაუბრებიან და მოვთხოვოთ, გაემიჯნონ რუსულ მთავრობას, მოუწოდონ მათ, გაიწვიონ რუსული კანონი. მხოლოდ ეს არ არის მიზანი, უნდა აღმოიფხვრას მთავრობის ნებისმიერი ქმედება, რაც გვაახლოებს რუსეთთან. ჩვენი ყველა აქცია არის მშვიდობიანი, ამიტომ მშვიდობიანი მონაწილეები იდგებიან აქ“, – განაცხადა ანა ქავთარაძემ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.