თბილისში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. აშშ-ის მხრიდან სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი და ევრაზიაში უსაფრთხოების პროგრამების მხარდაჭერის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორგან ენდრიუსი. შეხვედრას აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგიული პარტნიორობის კომისია წარმოადგენს უმთავრეს, ორმხრივ სტრატეგიულ დიალოგს, რომლის დანიშნულებაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. კომისია ყურადღებას ამახვილებს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ხალხთა შორის ურთიერობისა და კულტურული გაცვლის სფეროებზე.
საქართველოში ყოფნისას აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები ცალკეულ შეხვედრებსაც გამართავენ.