თბილისში სანებართვო პირობების დარღვევით გარე რეკლამის განთავსებაზე ჯარიმები იზრდება
თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევაზე დაწესებული ჯარიმები იზრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედებისთვის არსებული 300 ლარიანი ჯარიმის ოდენობა, 1000 ლარამდე გაიზრდება. გარე რეკლამის უნებართვოდ განთავსება კი, 500 ლარის ნაცვლად, 3000 ლარით დაჯარიმდება.
ცვლილებებით, სანქცია დგინდება თბილისის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთის, წარმოების, გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვისაც. ამისთვის ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 3000 ლარით, ნაცვლად 500 ლარისა.
ამასთან, ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულია სანქციები აბრის დაკვეთისა და განთავსებაზე დადგენილი წესების დარღვევისთვის. ამ შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 1000 ლარია, ხოლო იურიდიული პირისთვის 3000 ლარი.