თბილისში სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო სამი ობიექტი დაჯარიმდა, სამუშაოები შეჩერებულია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გამოავლინეს სამი ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა.
მისივე თქმით, სამივე ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია.
„როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად მძიმე მდგომარეობა გვქონდა ამ მიმართულებით და როგორი თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები და გარკვეულ დარღვევებს, რომელიც შეთანხმებული პროექტიდან გადახვევით იქნება განხორციელებული, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
მონიტორინგის შედეგად გამოვავლინეთ სამი ობიექტი, სადაც დარღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. იცით, რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა ამას, რათა მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ სამშენებლო მოედნებზე მუშაობს. პირველ რიგში, თავად ისინი უნდა იყვნენ მოტივირებული, რომ ყველანაირად უსაფრთხო გარემოში შეძლონ სამუშაოს წარმოება. რა თქმა უნდა, მათი ხელმძღვანელებიც. პირდაპირ ვალდებულება აქვს მათ ხელმძღვანელობას, რომ სამშენებლო მოედნებზე უზრუნველყოფილი იყოს მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება.
გამოვლენილი სამი ობიექტიდან ორი არის ისნის რაიონში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე და ახალუბნის ქუჩაზე. დარღვევები იყო უსაფრთხოების მიმართულებით. მესამე არის დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე. სამივე ობიექტზე შეჩერებულია სამშენებლო სამუშაოები. სამივე ობიექტი დაჯარიმებულია 30 000 ლარით. ჩაბარებულია შეჩერების აქტი, ანუ შეჩერდა სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მოუწოდა სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს, პასუხისმგებელ პირებს, სამშენებლო პროცესებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ.
„მოვუწოდებ სამშენებლო ობიექტებსა და მათ მფლობელებს, კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს, ვისაც ევალება უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს, რადგან საქმე ეხება უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავ მუნიციპალურ ინსპექციას და ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს, მაქსიმალური ყურადღება და ყოველდღიური მონიტორინგი გააგრძელონ, რათა მკაცრად გაკონტროლდეს უსაფრთხოების ნორმების შესრულება სამშენებლო ობიექტებზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.