სამშენებლო სექტორში პროფესიული კვალიფიკაციის გაზრდის ხელშეწყობისთვის ფორუმი გაიმართა
საქართველოში სამშენებლო სექტორში პროფესიული კვალიფიკაციის გაზრდის ხელშეწყობისთვის ფორუმი „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“ გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა საქართველოში სამშენებლო სექტორში მომუშავეთა კვალიფიკაციის გაზრდაა.
ღონისძიებაზე სამშენებლო კომპანიების, ასოციაციების, სასწავლო საწარმოებისა და სამინისტროების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ სამშენებლო სექტორი ევროპული სტანდარტების შესაბამისი უნარების მქონე პროფესიონალი კადრებით.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დუალური პროფესიული სწავლების განხორციელებას, რომელიც მშენებლობის მიმართულებით შვიდ პროფესიულ პროგრამაზე, ათ სამშენებლო კომპანიასა და სამ პროფესიულ კოლეჯში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ხაზი გაუსვა, რომ სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული პროფესიული უნარები.
„სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიკური სექტორია საქართველოში. კერძო კომპანიები მუდმივად ეძებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც გააჩნიათ როგორც თანამედროვე თეორიული განათლება, ასევე აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და საჭირო პროფესიული უნარები“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.
სამშენებლო კომპანიებმა ასევე ხაზი გაუსვეს კერძო სექტორის როლსა და მათ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მომზადებას საქართველოს სამშენებლო სექტორში სამუშაოდ.
სამშენებლო კომპანიებს დაურიგდათ და განხილულ იქნა სახელმძღვანელო „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში”, რომელიც GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში” მომზადდა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით, მდგრადი ენერგიისა და გარემოს ექსპერტთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით. აღნიშნული სახელმძღვანელო საქართველოში ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას ემსახურება.