დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე აიცრებიან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.
პროექტის მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.
იმუნიზაცია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი – თავდაპირველად, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება. ეს ის ლოკაციებია, სადაც მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები ამ დრომდე არ იყო მობილიზებული.
მობილური იმუნიზაციის პროექტის განხორციელებას სამედიცინო ჰოლდინგი და რესპუბლიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ავტობუსი ვარკეთილისა და გლდანის ტერიტორიაზე იმოძრავებს, სადგურის მოედანზე კი, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარედ განთავსდება.
„დღეს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. ესეც საერთაშორისო პრაქტიკაა. ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და კუთვნილ ვაქცინას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო სამი ავტობუსით. ვარკეთილში, გლდანში და სადგურის ტერიტორიაზე განვათავსებთ სამ ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება, ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში, თუ პოლიკლინიკის წერტილში. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.