თბილისში სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგიროს პროექტები განხორციელდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგიროს პროექტები განხორციელდება.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე განხორციელდება სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტი, რომლისთვისაც თანხები საფრანგეთის განვითარების ფონდმა გამოყო.
„2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. აქედან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია და შესაძლებელია, ახალი საბაგიროს პროექტების განხორციელება. ეს არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის საბაგირო პროექტები. რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით სასესხო შეთანხმების საფუძველზე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება. პროექტების განხორციელება ეტაპობრივად მოხდება. პირველი პროექტი იქნება სამგორი-ვაზისუბნის პროექტი. უკვე გამოყოფილია თანხები. დაახლოებით 30 მილიონ ევროზეა საუბარი. მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის განვითარების ფონდს თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტზე ტენდერი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს გამოცხადდება.
„სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო ხაზი მჭიდროს დასახლებულ ვასისუბნის დასახლებას, სადაც 40 ათასზე მეტი მაცხოვრებელია, დააკავშირებს მეტროსადგურ სამგორთან. ეს გააუმჯობესებს სატრანსპორტო მდგომარეობას. მეორე პროექტი, მეტროსადგურ სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიას ზღვისუბნის ტერიტორიასთან დააკავშირებს. ერთი სადგური აუცილებლად უნდა განთავსდეს თემქის ხევში.
პირველი პროექტისთვის ივლისში უკვე კონსულტანტს ავიყვანთ და წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტის განსახორციელებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.