თბილისში, პარლამენტის წინ სახელწოდებით – „სოლიდარობა პანკისს“ აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან.
როგორც აქციაზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) წარმომადგენლებმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, ხელისუფლება არ ითვალისწინებს ადგილობრივების ინტერესებს.
„ეს არის სოლიდარობის აქცია და ამავდროულად, პროტესტი იმ ქმედებების მიმართ, რომელსაც ხელისუფლება იჩენს პანკისის ხეობის შემთხვევაში, ასევე ენერგორესურსებთან მიმართებაში. ის არ ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, ეკოლოგიურ ინტერესებს. დღეს ამას დაემატა ქმედებები, საპოლიციო ძალის გამოყენება, რამაც მთელი ქვეყანა შეაშფოთა. ვფიქრობ, საკუთარ ხალხს ხელისუფლება ამ ენით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არ უნდა ესაუბრებოდეს“, – განაცხადა მენაბდემ.
მისი თქმით, პანკისში განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს მიერ ძალის დემონსტრირება იყო.
„ეს სახელმწიფოს მიერ გაუაზრებელი ძალის დემონსტრირება, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა კრიზისული სიტუაციების მართვასთან“, – აღნიშნა მენაბდემ.
მისი თქმით, აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომაა.
„ეკონომიკის მინისტრზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მოქმედებები, რომელიც პანკისის ხეობაში განხორციელდა, მისი მოთხოვნის შედეგია. მეორე – ჩვენი აზრით, მისი პოლიტიკა დააზიანებს საქართველოს ეკოლოგიურ ინტერესებს“, – განაცხადა მენაბდემ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას.