თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სამომავლოდ, ამოქმედდება რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი საარჩევნო პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა ექნებათ.
როგორც თბილისის მერი ამბობს, სხვა შემთხვევაში, დაწესდება ჯარიმები. კალაძის თქმით, პლაკატები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.
„ზოგადად ქვეყანაშია პრობლემა, როცა არჩევნები ტარდება ხოლმე, ვისაც სად უნდა აკრავს ხოლმე პლაკატებს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ აუცილებლად შემოვიღებთ რეგულაციებს, რომ გამოყოფილი იქნას კონკრეტული ადგილები, სადაც ექნებათ შესაძლებლობა პოლტიკურ პარტიებს გააკრან თავიანთი საარჩევნო პლაკატი, სხვა შემთხვევაში, იქნება ჯარიმები“, – განაცხადა კალაძემ.