„საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. დედაენის ბაღში გამართულ საღამოზე წარმოდგენილი იყო საბავშვო მუსიკალური პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტ „რანინას“ ბავშვები, ასევე გაიმართა კოსტიუმირებული წარმოდგენა „მოძრაობის თეატრის“, ანიმატორების, ელფების, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებისა და ოჩოფეხებზე შემდგარი არტისტების მონაწილეობით.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ესწრებოდა.
მერის მოადგილის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ პანდემიიდან გამომდინარე ვრცელ სივრცეზე მოეწყო, რაც იძლევა საშუალებას, რომ სტუმრები სხვადასხვა ადგილზე გადანაწილდნენ.
„როგორც ხედავთ, აქ არის ყველანაირი აქტივობა ჩვენი პატარებისთვის, ასევე, საღამოს გვექნება კულტურული პროგრამა, ასე რომ, ყველა ასაკის სტუმრებისთვის გვაქვს სხვადასხვა აქტივობები დაგეგმილი. ზოგადად, აქამდე ასეთი მასშტაბური „საახალწლო სოფელი“ არ გაკეთებულა. პანდემიიდან გამომდინარე, ვეცადეთ დიდი სივრცე აგვეთვისებინა, რომ ბევრ ადამიანს არ მოეყარა თავი“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
საზეიმო ცერემონიაზე თოვლის ბაბუამ და სანტა კლაუსმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ამავე სფეროების წლის ყველაზე წარმატებული ბავშვები წარადგინეს. კერძოდ, მუსიკალური პროექტის, „რანინას“ გამარჯვებული, მომღერალი ნიკა ქაჯაია, ფოლკლორისტი ნუგო სულამანიძე, ტანმოვარჯიშეები – ლიზი დოლიძე, ელენე ზედელაშვილი, ბარბარე ჩქვანავა, მუსიკოსი ცოტნე ზედგენიძე, მოჭადრაკეები – ანდრია კვირიაშვილი, ერეკლე ტაბატაძე, ბარბარე ჭიოკაძე, პროექტ „ნიჭიერის“ მონაწილე მოცეკვავე ტასია ჟოუ, „პატარების დიდი შოუს“ მონაწილე ექსპერიმენტატორი აფინა ბიგვავა, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საქართველოსა და თბილისის 12 წლამდე ასაკის ჩემპიონები.
საახალწლო სოფელში სპეციალურად მისთვის მოწყობილ სახლში თოვლის ბაბუა დღესვე შეუდგა პატარების მიღებას, საზეიმო საღამო კი კონცერტით გაგრძელდა.
„საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები და დეკორირებული ნაძვის ხე.
დღის საათებში, „საახალწლო სოფელში“ პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა, საბავშვო-გასართობი შოუები, კონცერტები და ვორქშოფები, ხოლო საღამოს უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.
„საახალწლო სოფელი“ 14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუ-პროგრამით დაიხურება.