თბილისში, რვა მარშრუტზე, დღეიდან ISUZU-ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება. დღეიდან, რვა მარშრუტზე, „ბოგდანის“ ფირმის ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებენ.
დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალურ ავტობაზაზე დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა და საკრებულოს ის წევრები იმყოფებოდნენ, რომელთა სამაჟორიტარო ოლქებში დღეიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.
საკრებულოს წევრებს ავტობაზაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შარკოვმა უმასპინძლა. საკრებულოს წევრებმა ISUZU-ს მარკის ავტობუსები ხაზზე გასვლამდე დაათვალიერეს.
როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობა მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას განაგრძობს.
„სხვადასხვა მარშრუტებს ახალი ავტობუსები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ემატება. თბილისის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით თავდაუზოგავად მუშაობს და დედაქალაქის მასშტაბით ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ძველ ავტობუსებს ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსები ჩაანაცვლებს, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ახალი ავტობუსები, რომლებიც მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის. ფარგლებში იქნა შესყიდული, თბილისის სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდა. საერთო ჯამში, თბილისის მერიამ 220 ერთეული ავტობუსი შეიძინა, რომლებიც euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის, მასში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. ავტობუსს გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები.