დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ სოფო ხუნწარიას დაავალა, არქიტექტურის სამსახურთან ერთად მოიძიოს კონკრეტული ადგილები, ნაგებობები, კედლები , ხიდები , მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელთაც “სტრი-არტის” წარმომადგენლები მოხატავენ.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმაა და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებული ერთი პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
“როგორც იცით, სტრიტ-არტი, ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალებაა. ამ მიმართულებით ერთი პროექტი განვახორციელეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. ეს არის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა. მინდა, დავავალო ქალბატონ სოფოს, არქიტექტურის სამსახურთან ერთად მოიძიოს ქალაქში კონკრეტული ადგილები. სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს უსახური შენობა – ნაგებობები, კედლები, ხიდები, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომ ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენი ქალაქი გაალამაზონ. გთხოვთ, გამოყოთ ასეთი ადგილები და მგონია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს, რადგან გაზაფხულიდან დაიწყოს სამუშაოების შესრულება”, – განაცხადა კახა კალაძემ.