თბილისში რამდენიმე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი – 2004 წელს დაბადებული გ.ვ. ამხილეს.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თბილისში, დავით აღმაშენებელის ხეივანში მდებარე „ელიტ ელექტრონიქსისა“ და „მოდერნ ვილას“ ორი მაღაზია, ასევე, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე „ბელუქსისა“ და „ლაით ჰაუსის“ მაღაზიები გაქურდა, საიდანაც ფული, სხვადასხვა ნივთი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.