საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებულები – ნ.ბ. და ბ.ბ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ნ.ბ-მ და ბ.ბ-მ მიმდინარე წლის 8 თებერვალს თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე, მოქალაქე მაია ბიჭიკაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან ოთხივე საბურავი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„გამოკითხვისას, დაკავებულებმა მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარეს. დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, გვიან ღამით, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.