თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე თვეში დედაქალაქში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ ფარგლებში, თბილისს ეწვია მსახიობი მიხეილ ბარიშნიკოვი, ამასთან, პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დედაქალაქში ჩამოვლენ ქეთი მელუა და ჯგუფი The Tiger Lillies, რომლებიც ევროპის მოედანზე კონცერტებს გამართავენ.
„მოგეხსენებათ, შემოდგომის დადგომისთანავე გაგრძელდა დედაქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ხვალ იწყება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 10 წლის გახდა და საიუბილეო თარიღია. წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს და განსაკუთრებული სტუმრები გვყავს. თბილისს უკვე ეწვია მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი და ლეგენდარული ფიგურაა. ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი, თავისუფლების სიმბოლო და წლების შემდეგ, ის პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, თბილისში ბრუნდება. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული საჩუქარი თბილისელებისთვის, მისი სტუმრებისა და ვიზიტორებისთვის. პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ორი ლეგენდარული მომღერალი გვეწვევა. 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ქეთი მელუა თავის ბენდთან ერთად იმღერებს. ქეთი ძალიან უყვართ საქართველოში, ის მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი ჩამოსვლა ყველას ძალიან გაგვიხარდება. 21 სექტემბერს კი, The Tiger Lillies გვეწვევა – ასევე ბრიტანული ბენდი, ყველაზე გამორჩეული არტისტებითა და მუსიკოსებით, რომელთაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ საქართველოშიც“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერი ძალიან დატვირთულია ფესტივალებით, მათ შორის, მიმდინარეობს „შემოდგომის თბილისი“ ძალიან საინტერესო პროგრამით.