თბილისში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და დაიწყება სამუშაოები.
„სამუშაოები დაიწყება „ავლაბრის მეტროდან“ და ეს კონკრეტული მონაკვეთი იქნება კაჩინსკის ქუჩამდე, მთლიანად მოწესრიგებულ. ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული გზის მონაკვეთი. არის მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა და ეს ყველაფერი მთლიანად მოწესრიგდება. შეიცვლება როგორც საკანალიზაციო ქსელი, წყალი, გაზი, ელექტროგადამცემი ხაზები ჩაიდება მიწის ქვემოთ, შეიცვლება განათების ბოძები თავისი ლედ-სანათებით, ანუ ყველანაირად იქნება კეთილმოწყობილი. მოეწყობა ასევე ტროტუარებიც, რომ ქვეითად მოსიარულე ადამიანებისთვისაც გადაადგილება იყოს კომფორტული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ღირებულება იქნება დაახლოებით 4 მილიონ 200 ათასი ლარი.
„უახლოეს მომავალში გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და ამასთან დაკავშირებით მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როდის დავიწყებთ სამუშაოებს, როგორ მოხდება გზის ჩაკეტვა ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევქმნათ, ინფორმაცია გექნებათ სრულად“, – განაცხადა კახა კალაძემ.