თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი დაფუძნდა, რომელსაც ექიმი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს
თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი დაფუძნდა, რომელსაც ექიმი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს

თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერთა კლუბი დააფუძნა, რომელსაც ექიმი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.

კლუბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში ახლა გადამწყვეტი მომენტია და ყველას ერთად დგომა არის საჭირო.

„ჩვენ ყველა ერთად ვართ საქართველოს მხარდამჭერთა კლუბის წევრები. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს სჭირდება მხარდაჭერა. ეს ოთხი წელი იყო ძალიან რთული, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე და კიდევ ერთხელ მინდა ამაზე ყურადღების გამახვილება. ურთულესი ოთხი წელი გამოვიარეთ და მართლა ბეწვის ხიდზე გავიარეთ. რომ არა ეს, ძალიან რთულად წავიდოდა ჩვენი ქვეყნის საქმე. ახლაც არის ასეთი მომენტი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი, როცა ყველას ერთად დგომა არის საჭირო, ჩვენი ქვეყნის მიმართ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, ერთად დავდგებით. მხოლოდ სამი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ყველა ერთად მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც აღნიშნა:

„ჩვენ როცა ამაყად ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროკავშირისკენ, ამისი მთავარი უზრუნველმყოფი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, რომლის წარმომადგენლებიც აქ ბრძანდებით“.

ამასთან, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა შეკრების და სხვადასხვა საკითხზე საუბრის.

„უამრავი მხარდამჭერი გვყავს, ადამიანები, რომლებიც პარტიის წევრები არიან და ისინიც, ვინც გვგულშემატკივრობენ და მხარს უჭერენ იდეოლოგიას, რაც ჩვენი მხრიდან არის გაჟღერებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.