თბილისში „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე დასასწრებად ზუგდიდიდან უკვე გამოემგზავრნენ
თბილისში დღეს დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზუგდიდიდან უკვე გამოემგზავრნენ. მათ შეკრება დილის ექვსი საათიდან დაიწყეს და ავტომობილების კოლონა დედაქალაქისკენ გაემართა.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ განაცხადა, ზუგდიდიდან ღონისძიებაზე დასასწრებად ექვს ათასამდე ადამიანი მიემგზავრება. მან კატეგორიულად უარყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, მოსახლეობის იძულებით წაყვანის შესახებ. მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფმა მხოლოდ მსურველთა ტრანსპორტირება უზრუნველყო.
„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.