თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია. სკვერის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებული იყო და მძიმე მდგომარეობა გვქონდა. სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. აღნიშნული სივრცე ყველანაირად კეთილმოწყობილია. დარჩენილია დასუფთავებისა და მორეცხვის სამუშაოები, რაც მომდევნო ორ დღეში დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პუშკინის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.