თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს 15:00 საათისთვის სიტყვით მიმართავენ და სამოქმედო გეგმებს გააცნობენ.
აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოალაქეებიც შეუერთდნენ.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ დედაქალაქში კარვები გაშალონ და პროტესტის ეპიცენტრი გახდეს თბილისი.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკასათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიმდინარე წლის 24 აპრილს გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.
ამასთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.
აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.