თბილისში პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს [ვიდეო]
პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი მულტიფუნქციური მანქანის შექმნას ითვალისწინებს.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში მომავალი წლიდან გამოჩნდება.
„ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ DELTA-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. ROSENBAUER-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის თქმით, საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.
„ფაქტობრივად, ჩვენ მივიღებთ უნიკალურ მანქანას, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული საქართველოს მოთხოვნილებებზე და ამავდროულად, შეძლებს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას. DELTA ამ გამოცდილებით შეძლებს მომავალში პოზიციონირებას, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი მანქანების მწარმოებელი კომპანია. ასევე, ჩვენ მოვახდენთ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების ლოკალიზებას საქართველოში, როგორიცაა სახანძრო-სამაშველო მანქანების შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა“, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „დელტასა“ და „როზენბაუერს“ შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში ავსტრიის დედაქალაქში შედგა.
საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს.