თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა
თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა

თბილისში პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ცვლილების ინიციატივით პარლამენტს თბილისის მერიამ მიმართა, მიზანი კი, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება იყო.

„პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს. ჩვენ მივმართეთ პარლამენტს და თხოვნა იყო, დაემუშავებინათ კანონპროექტი. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და გახადა 50 ლარი. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, განმაპირობებელი ფაქტორი იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. აგრეთვე ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე დაიწყო და მოქმედებს ზონალურ – საათობრივი პარკირების სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შეიცვალა პარკირების ჯარიმის ჩაბარების წესიც.

„მინდა, ვთხოვო ავტომფლობელებს და მოვუწოდო, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ დაჯარიმდნენ. ასევე, შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესი. აქამდე მხოლოდ ფოსტით ეგზავნებოდა ადრესატს სამართალდარღვევის ოქმი. ახლა, თუ ფოსტით ვერ მოხდა ოქმის მიწოდება, იგი გამოქვეყნება სპეციალურ ვებგვერდზე  – tp.ge. ამ მოდელს იყენებს შსს ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით. თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი გადაიხდის ჯარიმას, მიიღებს 20 პროცენტიან ფასდაკლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.