თბილისში პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება ვებგვერდ tp.ge-ზეა შესაძლებელი
თბილისში პარკირების სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება სპეციალურ ვებგვერდზე – tp.ge-ზეა შესაძლებელი.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელი იქნება როგორც ჯარიმის, ასევე, პარკირების საფასურის გადახდაც.
„ამოქმედდა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი, რომლის მეშვეობით, მოქალაქეები შეძლებენ როგორც ჯარიმების, ასევე პარკირების საფასურის გადახდას. გარდა ამისა, გაეცნობიან წესებს და სხვა ინფორმაციას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, მისი თქმით, ცაბაძის N2-ში ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შესაძლებელი იქნება სწრაფი გადახდის აპარატიდან და ბანკების მეშვეობით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია სრულად მზადაა ქალაქში პარკირების სისტემის მენეჯმენტი განახორციელოს.
„დღეს 10 აპრილია და როგორც ვთქვი, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. კომპანიაში არის სრული მზადყოფნა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი განახორციელოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ტექნიკით და კომპანია ყველანაირად გამართულ პროცესს წარმართავს.
კახა კალაძე სთხოვს მოსახლეობას, პარკირების მომსახურების სარგებლობისთვის აუცილებელი წესები დაიცვან.
„ჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი იქნება მიმართული თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისკენ და არსებული რეალობის შესაცვლელად. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, ზოგადად, პარკირების სისტემის გამართვა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, – განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიამ, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, კომპანია „სითი პარკთან“, რომელიც პარკირების სისტემის მენეჯმენტს ახორციელებდა, ხელშეკრულება გაწყვიტა.