თბილისის სატრანსპორტო კომპანია საპარკინგე ადგილების კეთილმოწყობას უზრუნველყოფს. ამასთან, დაგეგმილია, პარკირების ადგილების რაოდენობის გაზრდა.
პარკირების სისტემის მენეჯმენტთან დაკავშირებული დეტალები მედიას დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ გააცნო. დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს სწორედ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს.
„დილიდან გასულია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საპარკინგე ადგილების კეთილმოწყობას. შუადღეს გამოჩნდებიან კონტროლიორ-ინსპექტორები, რომლებიც შესაბამისი უნიფორმითა და ტექნიკური საშუალებებით იქნებიან აღჭურვილი და მიაქცევენ ყურადღებას, რამდენად სწორად არის მანქანა გაჩერებული პარკირების ადგილზე, ექვემდებარება თუ არა დაჯარიმებას ან საჯარიმო სადგომზე გადაყვანას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე, საჯარიმო სადგომები არსებული რაოდენობით, იგივე ადგილზე იქნება განთავსებული.
„პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო აბრების შეცვლა, რომელზეც დატანილი იქნება ცხელი ხაზის ნომერი და ინტერნეტ მისამართი – tp.ge. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს ვებგვერდზე და მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, მაგალითად, როდის აქვს გადახდილი პარკირების საფასური, რა ვადიანია და როგორ შეუძლია დამატებით აიღოს“, – განაცხადა კობახიძემ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საჯარიმო სანქციებთან მიმართებაში ცვლილებები დაგეგმილი არ არის.
„რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, აქ არანაირი ცვლილება არ ხდება. დღეს მოხდა მხოლოდ კომპანიის ჩანაცვლება – ერთი კომპანიის ფუნქციები გადმოვიდა მეორესთან, ვინაიდან აღნიშნული კომპანია ვერ უზრუნველყოფდა პარკირების ადგილების კეთილმოწყობას.
დღეს უკვე ჩვენი პირველი დავალება არის, ერთი თვის ვადაში კეთილმოეწყოს და შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს საპარკინგე ადგილები. ამასთანავე, პარკირების ადგილები გაიზარდოს თბილისში“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.
მისი თქმით, უზრუნველყოფილია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, როგორც თანამშრომელთა, ასევე, პარკირებისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობები და ევაკუატორები. პირველ ეტაპზე, მომსახურება 10 ევაკუატორით იგეგმება, რომელიც კომპანიამ იქირავა. პარალელურად, ევაკუატორების შემოყვანაზე გამოცხადებულია ტენდერი.
პარკირებასთან დაკავშირებული გადასახადის გადახდა, როგორც ჯარიმის, ასევე, საფასურის, შესაძლებელი იქნება, როგორც ვებგვერდიდან – tp.ge, ასევე, ბანკისა და სწრაფი გადახდის აპარატებით. მოქალაქემ სწრაფი გადახდის აპარატში უნდა მოიძიოს პარკირების ლოგო, შეიყვანოს ავტომობილის მონაცემები და გადაიხადოს.
„რაც შეეხება სანქციებს, არც იზრდება, არც მცირდება. ჯამში, პარკირების სისტემის ადმინისტრირებაში ჩართული იქნება 140-მდე თანამშრომელი. აქედან „სითი პარკის“ 102-მა თანამშრომელმა გამოხატა მზადყოფნა გადმოსულიყო. მიმდინარეობს ტრენინგი, გადამზადების კურსები და მოლაპარაკება, უფორმდებათ შესაბამისი ხელშეკრულებები“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, 102 თანამშრომლიდან 76 არის კონტროლიორ-ოპერატორი, 10 ევაკუატორის მძღოლი, 10 დამხმარე და ოფისის თანამშრომლები.
ამასთან, მისი თქმით, წლის ბოლომდე შეთანხმდა ბიუჯეტიც და თანხა 4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გათვალისწინებულია ტექნიკური აღჭურვილობების, ინფრასტრუქტურული სამუშაოების თანხა, ასევე, პარკირების ადგილების და შესაბამისი დამხმარე საშუალებების კეთილმოწყობა.
დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს დღეიდან „სითი პარკის“ ნაცვლად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს.