თბილისში ორტომეულის „ქართული თეატრი 2015-2019“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში ორტომეულის „ქართული თეატრი 2015-2019“ პრეზენტაცია გაიმართა.
კრებული, რომლის გამოცემაც თბილისის მერიამ დააფინანსა, მოიცავს ქართველი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების, 2015-2019 წლებში, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა თუ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებულ წერილებს, სტატიებს, რეცენზიებს, მიმოხილვებს, ინტერვიუებს. მასში ასახულია ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები და ტენდენციები, წარმატებული თუ წარუმატებელი სპექტაკლები, საფესტივალო ცხოვრება, სარეპერტუარო პოლიტიკა, უახლესი ქართული თეატრის შემოქმედებითი მიღწევები, ექსპერიმენტები.
სტატიები დაჯგუფებულია წლების მიხედვით თემატურად და დაყოფილია თავებად. კრებულში ავტორები მიმოიხილავენ 2015-2019 წლებში საქართველოში ჩატარებულ იმ ფესტივალებს, რომლებშიც ქართული თეატრები მონაწილეობდნენ.
გამოცემა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოამზადეს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, თეატრის მკვლევრებმა მაკა ვასაძემ და ლაშა ჩხარტიშვილმა.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მაკა ვასაძის განცხადებით, ორტომეულში თავმოყრილია 30-მდე თეატრმცოდნეს და კრიტიკოსის სტატია, კრიტიკული წერილი, პორტრეტი, ფესტივალის მიმოხილვა.
„აქ არის 2015-2019 წლების ქართული თეატრის ისტორია. პრობლემები, რა პრობლემებიც დგას დღეს ქართული თეატრის წინაშე, რაზე მუშაობს დღეს. გარდა ამისა, ორტომეულში ქართული თეატრის მუშაობის 2019 წლის სტატისტიკური ანალიზიც არის ასახული. თუ რამდენი სპექტაკლია, ბილეთები როგორ იყიდება, რამდენი მაყურებელი ჰყავს სეზონის განმავლობაში თითოეულ თეატრს. ანუ ეს არის სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი, მუნიციპალური, თუ კერძო თეატრები. ყველა თეატრზე შეექმნება ადამიანს წარმოდგენა, რა ხდებოდა უახლეს თანამედროვე ქართულ თეატრში 2015-2019 წლებში“, – განაცხადა ვასაძემ.