თბილისში ნოემბერში საქართველოსა და GCC-ის ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართება
საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა ყურის თანამშრომლობის საბჭოს (Gulf Cooperation Council – GCC) გენერალურ მდივან აბდულატიფ ალ-ზაიანის შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე GCC-ს ქვეყნებს (საუდის არაბეთი, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ომანი) და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა განიხილეს.
საგარეო უწყების ცნობით, განსაკუთრებით აღინიშნა ყურის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი გააქტიურება და გაღრმავება, მათ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მზარდი პოტენციალი და შესაძლებლობები. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში დაგეგმილ GCC-საქართველოს ერთობლივი ბიზნეს ფორუმის კონცეპტუალურ და საორგანიზაციო საკითხებს.
„შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ GCC-ის წევრი ქვეყნების დაინტერესება საქართველოს მიმართ სულ უფრო იზრდება, ისინი წარმოადგენენ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორებს, ხოლო ხსენებული ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს GCC-ის წევრი ქვეყნების ბიზნეს სექტორის მეტი წარმომადგენლის საქართველოს ბიზნესგარემოთი და საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.