თბილისში, ნინა პერის გამოფენა გაიმართება, რომელიც „ლურჯწვერას" ზღაპარს ეფუძნება
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნინა პერის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
ექსპოზიცია სახელწოდებით “მათი დრო მოვიდა” 16 მაისს გაიხსნება.
გამოფენა “Their Time Has Come” („მათი დრო მოვიდა“) ცოლების მკვლელ ბოროტ ქმარზე დაწერილ ცნობილ ფრანგულ ზღაპარს „ლურჯწვერა“ ეფუძნება. ზღაპარს ალბათ ყველა შარლ პეროს წყალობით იცნობს, თუმცა მას საფუძვლად ნამდვილი ამბავი დაედო.
„ლურჯწვერას“ პროტოტიპ ბარონ ჟილ დე რეს (Gilles de Rais) მრავალ მკვლელობაში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს.
მეტსახელ „ლურჯწვერას“ იმ კაცების მიმართ იყენებენ, რომლებიც ამა თუ იმ მეთოდით, საიქიოში ისტუმრებენ ცოლებს ან დაუღალავად იმონებენ მათ. ყველაზე ცნობილი მამაკაცი, რომელმაც ეს სახელი სამართლიანად დაიმსახურა, ინგლისის მეფე ჰენრიხ მერვეა (1491-1547). პროექტის მთავარი პორტრეტიც სწორედ მისია -ჰენრიხ VIII-ს განსახიერება თანამედროვე სამყაროში ,ჰანს ჰოლბეინ უმცროსის მიერ დახატული მეფის ცნობილი პორტრეტის მიხედვით.
ექსპოზიცია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 29 მაისამდე იქნება წარმოდგენილი.