თბილისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი – 2001 წელს დაბადებული ი.ბ. და 1987 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ი.ბ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 60 აბი „სუბუტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
„ასევე, თბილისში დააკავა პოლიციამ 1987 წელს დაბადებული გ.ბ., რომლის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების 169 აბი“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.