თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ს.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები: ნახევარ კილომდე „ალფა პვპ“, ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.