კახა კალაძემ N95 მარშრუტზე მოძრავი ახალი, მწვანე ავტობუსით იმგზავრა
თბილისში დღეიდან მგზავრებს ახალი, მწვანე მუნიციპალური ავტობუსებიც მოემსახურებიან.
მწვანე ავტობუსებმა მოძრაობა დღეს N85 და N95 მარშრუტებზე დაიწყეს. მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე მგზავრებს ახალი რვა ავტობუსი გადაიყვანს, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი განაწილდა.
N95 ავტობუსით დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა.
როგორც მან აღნიშნა, პირველ ეტაპზე შესყიდული 90 ერთეული ავტობუსიდან, 50 უკვე ქალაქშია.
„დარჩენილი 50 ათმეტრიანი ავტობუსები ერთ თვეში იქნება თბილისში. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რომ მოვაწესრიგოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 220 რვამეტრიანი ავტობუსი. ესეც „ევრო 6-ის“ სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებია. ასევე ვიწყებთ მუშაობას დამატებით 200 ახალ ავტობუსზე. აქედან, 100 იქნება გაზზე მომუშავე, 100 კი – ელექტროავტობუსი. ამ ყველაფრით შევძლებთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საჭიროა სიახლე, საჭიროა მეტი კომფორტი, რომ ადამიანებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, 23 მაისიდან, ახალი ავტობუსებით შეიცვლება N50, N55 და N71 მარშრუტებზე მოძრავი მოძველებული ტრანსპორტიც. N50-ზე რვა ერთეული, N55-ზე – 10 ერთეული, N71-ზე კი, ცხრა ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს – N50 ვაზისუბნიდან, N55 – წმ. ბარბარეს უბნიდან, ხოლო N71 – ვარკეთილიდან მოძრაობს. სამივე მარშრუტი მცირედით შეიცვლება: ისინი გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, გაივლიან თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილზე „კონკასთან“ გაჩერდებიან. ამასთანავე, აფხაზის ქუჩაზე ავტობუსების გაჩერებები განისაზღვრება.
თბილისისთვის ოთხმოცდაათივე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, „ევრო 6“-ის სტანდარტის ავტობუსები ასევე გადანაწილდებიან N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.