თბილისში მულტიმედიური გამოფენა „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა“ გაიმართება
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა სახელწოდებით „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა“ გაიმართება.
„გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების სუბკულტურა გერმანიაში“ გოეთეს ინსტიტუტის მოძრავი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვა.
ორგანიზატორების ცნობით, დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა თავისი კონცეფციითა და ფორმატით განსახვავებულია, 7 მუსიკალური ბენდისა და როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებიდან წამოსული ხელოვანების, კინემატოგრაფების და დიზაინერების ნამუშევრების ფონზე სუბკულტურის ფართო მასშტაბს ასახავს. გერმანიის 1980-იანი წლების სუბკულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა ინტერვიუებით, ვიდეო და ფოტომასალებით, მოსასმენი აუდიოტექსტებით, პუბლიკაციებით, პლაკატებითა და ექსპონატებით არის გამდიდრებული.
გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 6 მარტს, 18:30 საათზე გაიხსნება და 27 მარტამდე გაგრძელდება.