თბილისში მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის, „ფირმების მწვანე გარდაქმნა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის, „ფირმების მწვანე გარდაქმნა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, დოკუმენტი ერთგვარი მოწოდების როლს ასრულებს პოლიტიკის შემმუშავებლების, კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა ქვეყნის ენერგოეფექტურობის ამაღლება პრიორიტეტად მიიჩნიონ და მასში ინვესტირება განახორციელონ.
ღონისძიება გახსნა როლანდ პრაისმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში.
„ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ძალიან გაიზარდა და ჩვენ ასევე საქმე გვაქვს ემისიების ზრდასთან. კერძო სექტორმა დიდი წვლილი შეიტანა ამ მზარდ ემისიაში. ანგარიში ცდილობს, მოახდინოს იდენტიფიცირება, თუ რა შესაძლებლობები არსებობს კერძო სექტორისთვის. თანამედროვე გზებით ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებით ყველა სექტორში თქვენ შეგიძლიათ, დაზოგოთ ენერგომოხმარების 50 პროცენტი. ეს ნიშნავს 50 პროცენტზე მეტს ემისიების კუთხით. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ უფრო ეფექტური ეკოლოგია და ეს არის დიდი სარგებელი მთელი საზოგადოებისთვის. ეს ასევე არის დიდი სარგებლის მომტანი კომპანიისთვის, რადგან ენერგიის დაზოგვით კომპანია გახდება უფრო ეფექტური, შეამცირებს ხარჯებს და გააუმჯობესებს სარგებელს. მოხსენების გზავნილია, რომ არის შესაძლებლობა საქონლის წარმოების და ემისიების შემცირების და ასევე, რომ ეს იყოს უფრო მომგებიანი. ეს არის ორმხრივი სარგებლის მომტანი კომპანიისთვის. რატომ არ აკეთებენ კომპანიები ამას? ჩვენ ვხედავთ ორ მთავარ ბარიერს. ერთი არის ცოდნა, ცნობიერება, ინფორმაცია და კომპანიების ორგანიზაცია, უფრო მწვანე პრაქტიკის დანერგვა, ინვესტირება მექანიზაციაში, ტექნოლოგიებში, პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო სფეროებში ინვესტირება, რომ გახდეს უფრო ეფექტური. ეს არის ორი ბარიერი, რომლის გადალახვაც საჭიროა, რომ კომპანია გახდეს უფრო ეფექტური და შეამციროს ენერგომოხმარება და შემდეგ შეამციროს ემისია“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა, ლეონარდო იაკოვონემ.