თბილისში მოქმედი კლუბების წარმომადგენლებმა 27 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს
თბილისში მოქმედი კლუბების წარმომადგენლებმა 27 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ ერთობლივი განცხადება „თავისუფლების მოედანზე“ გააკეთეს.
მათი თქმით, აქციის თავდაპირველი მოთხოვნა კლუბ „ბასიანის“ გახსნა უკვე შესრულებულია და 27 მაისს ისინი ამ გამარჯვების აღნიშვნას გეგმავენ.
აქციის ორგანიზატორები კლუბის გახსნას კეთილგონივრულ და წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. მათი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში კლუბი „ბასიანი“ იყო პოლიტიკური მძევალი. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ გაერთიანებული აქციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.
„თბილისის რეივ-აქცია საკლუბო სცენისა და საზოგადოების ერთიანობის მანიფესტაციაა, 27 მაისს BASSIANI, HOROOM, SPACEHALL-ის კარი ყველასთვის ღიაა, „ევროპის მოედნის“ ნაცვლად ვბრუნდებით სახლში.
12 მაისის „შავი პარასკევის” მოვლენებიდან 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბები დაგვიბრუნა. ჩვენი კარი ღიაა, თუმცა ღია კარი არ ნიშნავს რომელიმე ღამის კლუბის გახსნას, არამედ კარის გაღებას საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვინც მზად არის, ერთად დადგეს საერთო გამოწვევებისა და პრობლემების წინააღმდეგ.
ისტორიამ არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ გამარჯვება საზოგადოებრივი მიზნებისა და უკეთესი მომავლისთვის ერთობლივი ძალებით მიიღწევა.
თბილისის საკლუბო სცენამ, რომელმაც ერთიანობისა და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ხალხთან ერთად სოციალური ცვლილებების ავანგარდში დგას, იბრძვის სამართლინობის, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის.
27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს. ადგილობრივი გამოწვევებით ვუერთდებით ამ სულისკვეთებას და 27 მაისს, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები, კლუბები, ფესტივალები, არტისტები, ლეიბლები, მუსიკალური პროექტები ერთად ვდგებით და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ.
დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ!
კლუბების ინიციატივას უერთდება გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა Boiler Room, რომელიც თბილისის აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს“, – განაცხადეს კლუბების წარმომადგენლებმა.