თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 მარტს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1959 წელს დაბადებულ ც.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ოპერატიულად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.