თბილისში მოძრავი M1 კატეგორიის ტაქსებისთვის ნებართვის მიღება სავალდებულო იქნება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული ტაქსების რეგისტრაციის წესი, რომლის მიხედვით, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება სავალდებულო იქნება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებსა და ელექტრონულადვე გადაიხდიან ნებართვის საფასურს.
„პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს შეუძლიათ იგივე ნებართვის მისაღებად მიმართონ პირდაპირ გამგეობებს, კონკრეტულ რაიონებში სადაც არიან დარეგისტრირებული და ადგილზე მიიღონ ეს მომსახურება. ნებართვის ერთ წლით აღების საფასური ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, „ჰიბრიდებისთვის“ 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასოა. ამ მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.
როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყება მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს – ფერს. მისივე თქმით, განისაზღვრება დამატებითი რეგულაციები მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსების მიმართ.