საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტ.ძ. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.