პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში, რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა.
კვების აპარატებში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებისთვის წყალი ჩამოისხმება.
აპარატის მუშაობას თბილისის მერი რიყის პარკში გაეცნო. კახა კალაძის თქმით, პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
„მიუსაფარი ძაღლებისთვის საკვები აპარატები, პირველ ეტაპზე, სამ ლოკაციაზე იქნება განთავსებული. ძალიან მარტივია, პლასტმასის ბოთლი შეგიძლია ჩააგდო და საკვები ჩამოიყრება ძაღლისთვის. მომავალი წლის იანვარში კიდევ სამი ასეთი აპარატი დაემატება, თუმცა მომდევნო წლის ფარგლებში ვგეგმავთ რომ, რაც შეიძლება ბევრი ასეთი აპარატი განვათავსოთ სხვადასხვა ლოკაციაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის 10-მდე სახლი დაიდგა. მომავალი წლისთვის მსგავსი სახლები მთელი თბილისის მასშტაბით დაიდგმება.