თბილისში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა
თბილისში მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა

თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა.

როგორც სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ოფისი ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის და ისინი შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.

ოფისის გახსნაზე შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები. ოფისში განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი და სხვა ნივთებიც.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, თითოეული თქვენგანის მხარდამჭერითა და ჩართულობით ჩვენ შევძელით მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნა. სწორედ ამ სივრციდან გაიგებთ, რა ნაბიჯებს დგამს თითოეული ჩვენგანი მიშას თავისუფლებისთვის, რა შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბით. სწორედ აქედან შეიტყობს თითოეული თქვენგანი მიშას მოსაზრებას და დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომელიც ოფისს უხელმძღვანელებს.