თბილისში მეფუტკრეობის საშემოდგომო ღონისძიება-ბაზრობა მოეწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება „People in Need საქართველოს“, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის მერიასა და კავშირი-ასოციაცია „აგორასთან“ თანამშრომლობით გაიმართა, რომლის ფარგლებში, საქართველოს ყველა კუთხიდან წარმოდგენილი იყო თაფლისა და თაფლის პროდუქტების ფართო არჩევანი.
საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, მეფუტკრეებსა და სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ ბაგების ცენტრის (BageBee Centre) 2022 წლის გეგმებს სერვისის შეთავაზებებისა და საგანმანათლებლო კომპონენტის მიმართულებით.
ამასთან, ბაგების ცენტრის ინიციატივითა და დარგის ექსპერტების ჩართულობით, გაიმართა დისკუსია მეფუტკრეობის სფეროში არსებული გამოწვევების ირგვლივ. დისკუსიის დროს წარმოდგენილი იყო ცენტრში მიმდინარე ტრენინგების შედეგად, SWOT ანალიზის საშუალებით მიღებული საჭიროებების პრეზენტაცია. სტუმრად მოწვეულ სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ არსებულ გამოწვევებს.
საელჩოს ცნობით, მსგავსი შეხვედრის ორგანიზებით, ბაგების ცენტრი ადვოკატირებას გაუწევს დარგში არსებულ პრობლემურ საკითხებს სხვადასხვა დონეზე, ხელს შეუწყობს, გამოიყენონ ცენტრის შესაძლებლობები და სივრცე, როგორც პლატფორმა სიახლეების ინიცირებისათვის მეფუტკრეობაში.
„Bagebee-ის მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში „People in Need საქართველოს“, კავშირი ასოციაციის „აგორა“-სა და თბილისის მერიის პარტნიორობით. BageBee Centre-ის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება სასოფლო/საქალაქო კავშირს, მდგრად სოფლის მეურნეობასა და „თბილისი, როგორც მწვანე ქალაქის“ ხედვას; BageBee Centre-ის მთავარი პრინციპებია გარემოს დაფასება, მდგრადი რესურსის გამოყენება და ეკონომიკური ზრდა; BageBee Centre-ის მთავარი მიზანია ემსახურებოდეს ძირითად როლს საქართველოს მეფუტკრეობის სექტორის ზრდაში.
ამასთან, საქართველო არის ჩეხეთის განვითარების ერთ-ერთი პარტნიორი. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს თანამშრომლობა დაიწყო ჰუმანიტარული დახმარებით ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზით და მოვიდა დღევანდელ სახემდე, რომელიც მხარს უჭერს სტაბილურობას და საქართველოს ევროკავშირში წარმატებით ინტეგრაციას.
ორგანიზაცია „People In Need საქართველოში“ (PIN) არის ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული თავისუფლებების დასაცავად კრიზისულ რეგიონებში მთელ მსოფლიოში და ეწევა ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე დახმარებას განვითარების მიზნით. PIN საქართველოში 2005 წლიდან მუშაობს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ხელს უწყობს დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას.
PIN-ის პროექტი „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში 2018 – 2021“ მიზნად ისახავდა ქვეყნის მეფუტკრეობის სექტორის გაძლიერებას და მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრის (შემდგომში მოიხსენიება როგორც BageBee Center) შექმნას და შემდგომში მდგრადობის ხელშეწყობას. ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კავშირი ასოციაციის „აგორასა“ და თბილისის მერიის პარტნიორობით“, – აღნიშნულია საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციაში.