თბილისში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება
თბილისში მდებარე მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ეკუთვნის.
ინიციატივის თანახმად, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით, ხოლო ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს.
„თბილისის მერი კახა კალაძე გვესწრება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე და მისი ინიციატივით არის წარმოდგენილი შემდეგი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე და დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ შესაბამის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს. შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნე ბიზნესისთვის. ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის ამ ინიციატივას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.