თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისში მდებარე ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა. ხელნაკეთი აბრები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილესთან, სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აბრები ინგოროყვას N1 და N8-ში, 9 აპრილის ქუჩის N3/5-სა და ალექსანდრე პუშკინის N3 -ში არსებულ ისტორიულ შენობებზე განთავსდა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ ოთხ ისტორიულ შენობაზე საინფორმაციო აბრები განათავსა, სადაც აღნიშნულია, თუ სად იყო განთავსებული იმ პერიოდში მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები. ეს არის ქართული თიხისგან დამზადებული კერამიკული ფილები, რომელიც ვფიქრობ, მიმზიდველი იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის საპილოტე პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე, აბრა ოთხ შენობაზე განთავსდა. შემდეგ ეტაპზე კი, ისტორიულ უბნებში, ყველა პირველ ნომერზე იქნება აბრეშუმის გზის სიმბოლიკებით აღნიშნული ისტორიული აბრა, სადაც ქუჩის პირველად სახელთან ერთად, მისი ისტორია იქნება მოთხრობილი“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მერიის ცნობით, საინფორმაციო აბრები ძველ თბილისში იმ სახლებზე განთავსდა, რომლებიც საკუთარი ისტორიით საქართველოს პირველ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული. ეს ის ისტორიული შენობებია, სადაც 1918-1921 წლებში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები იყო განთავსებული, ან მათში იმ პერიოდის თვალსაჩინო სახელმწიფო, საზოგადო თუ კულტურის მოღვაწეები ცხოვრობდნენ, ან მოღვაწეობდნენ.
ქართული თიხისგან დამზადებულ ხელნაკეთ კერამიკულ აბრებზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს და ის ხანგრძლივი სამეცნიერო, საარქივო თუ სხვა კვლევების შედეგად, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის გზით არის შექმნილი.
ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დეკორატიული აბრები თანამედროვეობისა და ისტორიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, მათ შორის, ისტორიკოსებისა და ხელოვანების წარმატებული თანამშრომლობის შესანიშნავი ნიმუშია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მომავალში, მსგავსი აბრებით ისტორიული ქუჩების ყველა პირველი ნომრის აღნიშვნა იგეგმება, რომლის იდეაც „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელს, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილს გაუჩნდა, ხოლო პროექტი თბილისის მერიის ხელშეწყობით სახელოსნომ – CERRAMIC ROOM განახორციელა, რომელიც ნინო დანელიამ და ქეთევან ჭიჭივეიშვილმა, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დააფუძნეს.
ინგოროყვას ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი იმყოფებოდნენ.