თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საკონტროლო შესყიდვით შეიძინეს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელი, ასევე, გადაიხადეს შესვლის საფასური, ჯამურად გადახდილმა თანხამ 575,0 ლარი შეადგინა.
„მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების მონაცემები აღირიცხა საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით, თუმცა ჩეკში ნაჩვენები იქნა ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხა, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ასევე, ობიექტში ფასის მაჩვენებლები არ იყო განთავსებული მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილას, რაზეც სსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ასი ლარის ოდენობით. აღნიშნულ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაცია ალკოჰოლურ სასმელზე, რა დროსაც გამოვლენილ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე დაახლოებით 16 100 ლარის ღირებულების საქონელი, რაც ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 8 050 ლარის ოდენობით”,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.